„ანიტას ფონდი“ შეიქმნა 2020 წლის 2 მარტს. ანიტა იყო 2 წლის გოგონა, რომელსაც სჭირდებოდა გულის გადანერგვის ოპერაცია. საქართველოში მსგავსი ოპერაცია არ ტარდება, რის გამო ოჯახი იძულებული გახდა საზღვარგარეთ წასულიყო. ამას კი ძალიან დიდი თანხები სჭირდებოდა. პატარა ორი წლის გოგონას გადასარჩენად გაერთიანდა მთელი საქართველო და ძალიან მოკლე დროში შეგროვდა საჭირო თანხა, მაგრამ ანიტას გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

ფონდი შეიქმნა ანიტას დედის, მარიამ სადრაძის  ინიციატივითა  და გადაწყვეტილებით, რომლის მთავარი მიზანი და ამოსავალი წერტილი გახდა მადლიერების ამ ფორმით გამოხატვა ადამიანებისადმი, თავის დროზე გამოჩენილი უპრეცენდენტო გვერდში დგომისა და სიყვარულის გამო ანიტას მიმართ.

ფონდის  დაარსების აუცილებელი საჭიროება მოიტანა იმ ფაქტმა, რომ ქვეყანაში არის ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე ძალიან ბევრი  პირი, რომელთაც არ აქვთ საკმარისი ფინანსები მკურნალობისათვის და საჭიროებენ საზოგადოების დახმარებას. ზოგიერთ მათგანს ძალიან ცოტა დრო აქვს სოლიდური თანხის მობილიზებისათვის და საკუთარი რესურსით ვერ ახერხებენ ამ ყოველივეს.

„ანიტას ფონდის“ დამაარსებლებს ამ ყველაფრის გამოცდილება გვაქვს საკუთარ თავზე. ჩვენ კარგად გვესმის რამდენად რთულია საყვარელი ადამიანის ჯანმრთელობაზე ნერვიულობას ემატებოდეს ფინანსურ პრობლემებზე დარდი.

მძიმე მორალური მდგომარეობის პარალელურად ფორსმაჟორში თანხების მობილიზება საკმაოდ რთული და ხშირად დაუძლევადი პრობლემაა ბევრი ოჯახისათვის. სწორედ  ამისთვის არსებობს „ანიტას ფონდი“.

ჩვენი გუნდი მზად არის მხარი დაუჭიროს ყველას, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება. თითოეული ჩვენგანის მიზანია, შევამსუბუქოთ იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებიც აღმოჩდნენ ისეთი მძიმე რეალობის წინაშე, როგორიცაა ოჯახის წევრის ჯანმრთელობის პრობლემა. ასეთ დროს მყარი დასაყრდენი და ძლიერი ზურგი ძალიან მნიშვნელოვანია და გვსურს ეს როლი ჩვენ შევითავსოთ მათ  ცხოვრებაში.

გვჯერა საზოგადოების თანადგომისა და გულისხმიერების. გვწამს, რომ ანიტას სახელის გარშემო გაერთიანებული ადამიანები კვლავ დაუღალავად განაგრძობენ სიკეთის კეთებას და ასე შევძლებთ ბევრი ოჯახის გადარჩენას.