IMG-ea932267e1206dae2f7c06a13b927428-V

პატარა ანიტას დედა დონორი გახდა

პატარა ანიტა ფაცაციას სახელი საქართველოში ყველამ იცის. გოგონამ, რომელსაც გულის პრობლემები ჰქონდა, მთელი საქართველოს ყურადღება მიიპყრო და დიდი თუ პატარა გულისყურით ადევნებდა თვალს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. ანიტას გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა…

ჩვენ ვესაუბრეთ ანიტას დედას მარიკო სადრაძეს, რომელმაც „ანიტას ფონდი“ შექმნა და ახლა სხვის შვილებს ეხმარება.

– ყველა ამ ამბით ვიყავით შეპყრობილი. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმოგზაურეთ, ძალიან ბევრი ვიფრინეთ, ვიტანჯეთ მათთან ერთად, მაგრამ მოხდა ისე, რომ ანიტა ჩვენგან წავიდა. თუმცა, არა, არსად წასულა… უბრალოდ, მან ჩიტივით გადაიფრინა ძალიან შორს და ამ გაზაფხულზე აღარ დაგვიბრუნდა… არ მინდა ვთქვა, რომ ვერ გაიმარჯვა, რადგან ბავშვი, რომელიც ძალიან გამახსოვრდება, ძალას და იმედს გვაძლევდა, იმედს, რომელიც სულ ბოლოს კი არა არასდროს კვდება.

ზღაპარს პატარა პრინცესაზე უჩვეულო დასასრული აქვს, მაგრამ ანიტას სახელით სიკეთის კეთება სწორედ ამ გზით გაგრძელდება.

ბავშვი

– უკვე უცხო არავისთვის ხართ. აგრძელებთ იმას, რაც ანიტას ძალიან უნდა, რომ გააკეთოთ – დაეხმაროთ მისნაირ ბავშვებს. გარდა ამისა სხვა გადაწყვეტილებაც მიიღეთ…

– ინდოეთში დონორის რიგში რომ ვიდექით, მაშინ გადავწყვიტე მეც დონორად დავრეგისტრირებულიყავი. „არამიანცის საავადმყოფოში“ მივედი და სულ 10 წუთი დამჭირდა დასარეგისტრირებლად. საზოგადოების ნაწილი ვერ იგებს, რა არის დონორობა და მინდა კარგად განვმარტო.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა თავი უნდა მოიკლას სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად. არავინ ვართ დაზღვეული შემთხვევითი სიკვდილისგან და მაშინ არის შესაძლებელი შენი ორგანოების გამოყენება სხვების გადასარჩენად.

ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. თუ ადამიანი მოულოდნელად გარდაიცვლება, ასეთ შემთხვევაში უნდა არსებობდეს თანხმობა, რომ მისი ორგანოები მოხმარდეს მას, ვისაც სჭირდება. სიკვდილის შემდეგ ის ორგანოები არაფერში მჭირდება და ამის გააზრება ცოტა რთულია საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის, მაგრამ თუ დაფიქრდები, ამით სხვებს გადავარჩენთ და თან არა ერთს და ორს.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კრიტიკული სიტუაციაა, მიუხედავად იმისა, რომ ყველას თავისი თავი უნდა უჭირდეს ახლა, ადამიანები მაინც ისე ეხმარებიან ერთმანეთს… ასეთ კრიტიკულ სიტუაციაშიც კი შეგვიძლია ჩვენ ერთმანეთს გვერდით დავუდგეთ. ეს ნამდვილად სასწაულია და ამის გაჩერება არასწორია. პირველივე დღიდან გვერდით მედგა არა მხოლოდ ჩემი დიდი ოჯახი და სამეგობრო, არამედ სრულიად საქართველო იყო ჩემ გვერდით. გაცნობიერებული მაქვს ის პასუხისმგებლობა, რაც ჩემმა ქართველმა ერმა დამაკისრა. ეს პასუხისმგებლობა არის ის, რომ სიკეთე, რომელიც ანიტას სახელით დაიწყო, არასდროს არ გვინდა დასრულდეს. ამაში სრულიად საქართველოს თანადგომა გვჭირდება. ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა დედამ განიცადოს ის, რასაც ახლა განვიცდი. ჩვენი ფონდი მაქსიმალურად ეცდება, რომ ვიბრძოლოთ და დავუდგეთ გვერდით ყველა ადამიანს, ვისაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

– რა იქნება „ანიტას ფონდის” პრიორიტეტი და როგორ შეარჩევთ ბენეფიციარებს? 

– ფონდის ბენეფიციარები იქნებიან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები, განურჩევლად ასაკისა. სუბიექტური მიზეზების გამო თავიდან იყო იდეა, რომ პრიორიტეტად დაგვესახა პატარები, მაგრამ შემდეგ გავიაზრეთ, რომ ოჯახის წევრის გასაჭირი ნებისმიერ ასაკში მტკივნეულია. მივხვდით, რომ ჩვენ შეგვიძლია მოვეჭიდოთ სირთულეებს, ამიტომ არ გავაკეთებთ ასაკობრივ შეზღუდვას. ვისაც სურს დახმარება, თავად ისინი, ან მათი ოჯახის წევრები მოგვმართავენ ანიტას გვერდზე, წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტაციას და ამის შემდეგ ყოველდღიურად იდება თითო ადამიანის ისტორია, ანუ ერთი 24 საათი ეთმობა ერთი ადამიანის ისტორიას და ამ ადამიანის, ან ოჯახის წევრის ანგარიშზე რიცხავს ხალხი თანხას.

– მარიკო, როგორ იპოვეთ ძალა საკუთარ თავში, გეზრუნათ სხვებზეც და გაგევრცელებინათ სიკეთე ანიტას სახელით?

– ვეძებ სიტყვათა წყობას, რომელიც აღწერს იმ მდგომარეობას, რაც მე გავიარე მაშინ, როცა შვილის სიცოცხლისთვის ვიბრძოდი, მაგრამ დღემდე ვერ ვიპოვე. ამ სიტყვების წყობა არ არსებობს. ღმერთმა არავის გამოაცდევინოს, მაგრამ თუ არ გამოსცადე, ვერასოდეს გაიგებ რას გრძნობენ ის დედები… ამ დროს მოდის ემოცია, თითქოს სინდისი გაწუხებს – რატომ დარჩი ცოცხალი. ახლა რა მდგომარეობაშიც მე ვარ, ამ მდგომარეობაში მყოფ დედებს, სამწუხაროდ, ვეღარ დავეხმარები. ასეთ დედებს მინდა ვუთხრა, რომ ზუსტადაც! უნდა ვიყოთ ცოცხლები! უნდა ვიყოთ მხნედ! იმ დედებისთვის, რომლებიც ახლა დგანან იმ გზაზე, რაც მე გავიარე. ზუსტად ვიცი, რომ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. ამას მინდა ემსახურებოდეს „ანიტას ფონდი“. ძალას მაძლევს ჩემი გოგო ანიტა და მის მიმართ ჩემი განუზომელი, უსასრულო სიყვარული.

ამ საუბრისას „მარადისობის კანონი“ გამახსენდა…

„ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე“…

ესაუბრა შოთა ნოზაძე.

წყარო: https://sputnik-georgia.com/

IMG_7921

რა გზა უჩვენა მარიკო სადრაძეს ანიტამ და რის შემდეგ ტრიალებს თეთრი მტრედი ანიტას ტერიტორიაზე

ორი წლის ანიტა ფაცაციამ შეძლო ის, რაც ვერ მოახერხა ბევრმა ზრდასრულმა ადამიანმა, მან საქართველო გააერთიანა და თითოეული მოქალაქე სიკეთის ფერხულში ჩააბა. პატარა ანგელოზმა სიკეთის აურზაური თითქოს წესად აქცია და როგორც ანიტას დედა გვიყვება, სწორედ მისი მითითებით შეიქმნა ფონდი, რომელიც სხვადასხვა სნეულებების მქონე ადამიანებს დაეხმარება. ანიტას უმძიმესი დააავდება – დილატაციური კარდიომიოპათია საქართველოში დაუდგინეს. ის ჯერ ევროპაში მკურნალობდა, თუმცა გულის გადანერგვის მიზნით ინდოეთში გადააფრინეს. მიუხედავად ბევრი ბრძოლისა, პატარას ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო და ანგელოზთა სამყოფელში გადაინაცვლა.

მარიკო სადრაძე (ანიტას დედა):
როცა ინდოეთიდან ჩამოვედით, მალევე ვიგრძენი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა. მოდი, ფონდი შევქმნათ – ასეთი საუბარი არ ყოფილა, უბრალოდ, ვალდებულებამ დააყენა დღის წესრიგში ეს საკითხი. ანიტას კამპანიის პარალელურად, გვიკავშირდებოდნენ ადამიანები და გვთხოვდნენ დახმარებას, ჩვენც დავიწყეთ ამაზე მუშაობა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, შექმნილიყო ანიტას სახელობის ფონდი. ეს ჩემთვის საკმაოდ რთულია, დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ მეორე მხარეც აქვს – ის, რომ სხვებს ვეხმარები, თავად ჩემთვის არის შვება. ყველაზე კარგად მესმის იმ ადამიანების, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, იმათი ახლობლების, დედების… სიტყვები არ მეყოფა იმის გადმოსაცემად, რასაც განიცდიან. ამ მოცემულობას ზურგი ვეღარ შევაქციე და ვიგრძენი, რომ პასუხისმგებლობა უნდა ამეღო. თუნდაც იმიტომ, რომ ანიტას სახელი არ მინდა, დასრულდეს და სულ ჟღერდეს. ეს ყველაფერი ჩემთვის გაიგივებულია ანიტასთან, იმასთან, რომ ისევ ჩვენთანაა.
– ბენეფიციარების კონკრეტული ჯგუფი დაყავით თუ განურჩევლად ყველას გაუწევთ დახმარებას?
– თავიდან გვქონდა იდეა, რომ დაგვეყო კონკრეტული ჯგუფი, თუნდაც ასაკობრივად, მაგრამ მე თუ მტკივა ჩემი ორი წლის შვილი, ვიღაცას თავისი დედა, მამა, ძმა სტკივა, ამიტომ არ გამოვყავით მხოლოდ ბავშვები და გადავწყვიტეთ, ნებისმიერ ადამიანს დავდგომოდით გვერდით, ვისაც დოკუმენტაცია და კალკულაცია ექნებოდა. ვისაც ანიტას მსგავსი დაავადება ექნება და დასჭირდება რეკომენდაცია, მათაც, რა თქმა უნდა, დავეხმარები. ევროპაში რომ მივდიოდი, არ ვიცოდი, თუ უცხოელ მოქალაქეებზე ეს ოპერაცია არ კეთდებოდა, ვერანაირი გზით ვერ გავარკვიე. ახლა უკვე ზეპირად ვიცი ყველაფერი. ასეთი ვინმე რომ მყოლოდა, ალბათ, არ დავუშვებდი ამ შეცდომას, მაგრამ შეცდომასაც ვერ დავარქმევ ევროპაში წასვლას – ძლიერი მკურნალობა ჩართეს. როცა დღის წესრიგში დადგა გულის გადანერგვა, მაშინ ამიხსნეს ექიმებმა, რომ აუცილებელი იყო მოქალაქეობა ან მინიმუმ ერთი წელი იქ ცხოვრება. ჩვენ ამდენი დრო არ გვქონდა, ფიზიკურად ვერ გაუძლებდა ბავშვი. ამიტომ ისეთ ქვეყანაში უნდა წავსულიყავით, სადაც ამ პროცედურას ჩაუტარებდნენ. მსოფლიო მასშტაბით არსებობს ორი ქვეყანა, სადაც უცხოელებზეც აკეთებენ ამ ოპერაციას: ეს არის ბელორუსია და ინდოეთი. პირველი მუშაობს 10 წლიდან ზემოთ ბავშვებში, ამიტომ ჩვენ ინდოეთი დაგვრჩა.
– როგორ იპოვე საკუთარ თავში ძალა, გეზრუნა სხვებზე?
– იმდენად მესმის, რას განიცდიან ადამიანები ამ დროს, პარალელურად რომ გემატება ფულზე ნერვიულობა, ალბათ, საშინელებაა. მე ეს სანერვიულო არ მქონია, ისე მარტივად მოხდა ამ კუთხით ყველაფერის მოგვარება. საიდან ვიპოვე ეს ძალა, არ ვიცი, ალბათ, ანიტა მაძლევს ამ ძალას, ასევე „ანიტელები“ („ფეისბუქზე“ ჯგუფია შექმნილი – ანიტასთვის. ავტორი.) ძალიან მიდგანან გვერდში, ყველაფერს აკეთებენ, რომ მასიამოვნონ. ამ ადამიანების გამოც ვცდილობ, ფეხზე დავდგე, რადგან მათ პირობა მივეცი, არ დავაღალატებდი. ჩამოსვლის წამიდან, თბილისში დავდგი თუ არა ფეხი, ვთქვი, უნდა მეპოვა ძალა. პირველი მოვიკითხე სხვა ბავშვების ამბავი, ვის რა უჭირდა. მითხრეს, რა დროს ეს იყო, მაგრამ იმ მომენტში ვიცოდი, ეს იყო ჩემი თავის დახმარება. ძალიან დიდი ნუგეშია ჩემთვის ეს ყველაფერი. ვგრძნობ, რომ ანიტა მაძლიერებს, მან თავად მიმითითა და მიჩვენა ეს გზა.
– ბევრი სიურპრიზი და საჩუქარი გხვდება ანიტასთან, მათ შორის ყველაზე საინტერესო მტრედია, რომელიც არ სცილდება ანიტას ტერიტორიას.
– სრულიად უცხო ადამიანები ამოდიან ანიტასთან, ხან რა დამხვდება და ხან რა, ზოგმა გულები დაუტოვა, ზოგმა – წერილები, ხატები, პატარა ანგელოზები… ეს ადამიანები მაგრძნობინებენ, რომ ვახსოვართ და ჩემს გვერდით არიან, მეც მინდა, ვუთხრა მათ, რომ ყველა გზავნილს ვნახულობ და უზომოდ მადლობელი ვარ. იმდენი ლექსი დაუწერეს, რომ უკვე ანიტას საბავშვო ლექსების კრებულიც გამოიცა. წიგნში გადმოცემულია ანიტას ისტორიები, ტერმინები, ამბები და ლექსები. ანიტას დიდი გულშემატკივრები არიან გოგონები, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობდი. ეს ადამიანები აკეთებენ ყველაფერს, რომ გამახარონ. იდეა მოუვიდათ, სიმბოლურად ანიტას ორმოცზე ცაში გაეშვათ თეთრი მტრედი. მოიყვანეს მტრედი, გავუშვით, მაგრამ არ წავიდა. გაფრინდება, მაგრამ მერე მაინც ბრუნდება, ხანდახან ეკელსიაში შედის და იქ ათენებს ღამეს. ერთხელაც, თურმე, წმიდა გიორგის ხატზე იჯდა მთელი ღამე. დილით გამოდის და ისევ ანიტას ირგვლივ ტრიალებს. ერთმა ადამიანმა მტრედს სრულიად უსასყიდლოდ გაუკეთა სახლი, ხაშურიდან გამომიგზავნა და იქ ვსვამთ ხოლმე. სულ ანიტას ტერიოტრიაზეა და არ უნდა წასვლა. საერთოდ ანიტას უყვარდა ყველა ცხოველი, მწერი, ფრინველი. თვითონაც ბაჭია დაირქვა. ალბათ, ეს მტრედი რაღაც სიმბოლურია. ზუსტად ვიცი, ანიტას რომ ენახა, ძალიან ბედნიერი იქნებოდა. ჩვენც ჩვეულებრივად ვიჭერთ, ვეფერებით და მერე ვუშვებთ.

– მაშინაც კი, როცა მდგომარეობა დამძიმდა, ანიტა ყოველთვის მხიარულად იყო, როგორ ახერხებდა?
– ძალიან მებრძოლი სულის ბავშვი იყო, პოზიტივს ინარჩუნებდა იმის მიუხედავად, რომ ხშირად თავს კარგად ვერ გრძნობდა. ინდოეთში ჩასვლდიან მე-5 დღეს დაეწყო მაღალი სიცხეები და 15 დღე 40 გრადუს ვერ უგდებდნენ ექიმები. 15 დღე ჯანმრთელი და ზრდასრული ადამიანის გული ვერ აიტანს მაღალ ტემპერატურას, ანიტამ კიდევ ასეთი ავადმყოფი გულით იბრძოლა. ექიმებს გაფრთხლებული ვყავდი, ამ ბავშვს 38-მდეც, რომ აუწიოს სიცხემ აუცილებლად დამწევი მიეციო, რადგან ეს მისი გულისთვის დიდი დატვირთვა იქნებოდა. მაინც ბოლომდე იბრძოდა, მაინც კარგ ხასიათზე იყო, მღეროდა, ცეკვავდა. რეანიმაციაშიც კი, როცა ინტუბაციის მილი ჰქონდა ჩადგმული და ვერ საუბრობდა, ყველაფერს მაგებინებდა. იქაც უნდოდა, რომ მეცეკვა და მემღერა. ყველაზე ცუდად და კრიტიკულ პერიოდშიც მხიარულებას და ცეკვა-თამაშს ითხოვდა. ყველაფერს მაგებინებდა თვალებით.

წყარო: tbiliselebi.ge

image0

TV 1 – ის ეთერში ” ანიტას ფონდის” თაობაზე საუბრობენ მარიკო სადრაძე და ნათია პაპიძე

ანიტას სახელობის ფონდის დაარსების იდეასა და მომავლის გეგმებზე ისაუბრეს ანიტას დედამ – მარიკო სადრაძემ და ფონდი ერთ-ერთმა დამფუძნებელმა -ნათია პაპიძემ.

20191203_191248

მარიკო სადრაძე სტუმრად ბაიასთან

2 წლის ანიტა ფაცაციას დედა – მარიკო სადრაძე საუბრობს ანიტაზე და მისი სახელობის ფონდზე